შეკითხვები

რატომ ჯდება  ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევის ღირებულება 1 ინტერვიუზე გადათვლით დაახლოებით ორჯერ უფრო ძვირი, ვიდრე დედაქალაქში ჩატარებული კვლევის?  

ქვეყნის მასშტაბით კვლევის ჩატარება გულისხმობს დაახლოებით ინტერვიუების ნახევარის ჩატარებას სოფლად. შერჩევის დიზაინი, როგორც წესი, ისეა შედგენილი, რომ მასში ხვდება ყველა ტიპის სოფელი - დიდი/მცირე, ქალაქთან ახლოს მდებარე/ქალაქებიდან დიდი მანძილით დაცილებული, ადვილად მისადგომი/ძნელად მისადგომი, მაღალი მთა/ბარი და ა.შ. ყველა შერჩევით მოცემული კრიტერიუმის შესრულებისათვის  აუცლებელია მკვლევარების/ინტერვიუერების, ასევე რეგიონალური ჯგუფების ხელმძღვანელების მგზავრობა ქალაქებიდან სოფლებში. BCG-ს რეგიონალური წარმომადგენლობები განთავსებულია საქართველოს დიდ ქალაქებში: გორში, რუსთავში, თელავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში, ოზურგეთში, ბორჯომში, მცხეთასა და  ბათუმში. სამუშაო ჯგუფები ამ ქალაქებიდან გადაადგილდებიან შესაბამის რეგიონის სოფლებში, რაც თავისთავად ითვალისწინებს თვითოეული მკვლევარის გზის და დღიურ ხარჯებს.

სამივლინებო  ხარჯების დამატება მნიშვნელოვნად ზრდის კვლევის ბიუჯეტს, მაშინ როდესაც ზემოთ ჩამოთვლილ ქალაქებში კვლევის ჩასატარებლად პროექტის ბიუჯეტში არ ხდება სამივლინებო ხარჯების დამატება და თბილისში (სადაც განთავსებულია ორგანიზაციის სათაო ოფისი) და საქართველოს დიდ ქალაქებში კვლევის ჩატარება დაახლოებით ერთი თანხით განისაზღვრება.

 

რატომ ჯდება პირისპირ ინტერვიუს მეთოდით კვლევის ჩატარება უფრო ძვირი ვიდრე იგივე რაოდენობა ინტერვიუების სატელეფონო ან ქუჩაში ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩატარება?

ფასის განსხვავებას ქმნის ჩვენთვის საინტერესო რესპონდენტთან კონტაქტის ღირებულება.

მაგალითად ჩვენ გვინდა დავადგინოთ რძის მწარმოებელი კომპანიის ცნობადობა. კვლევა უნდა ჩატარდეს თბილისში და გამოიკითხოს ოჯახიდან რძის პროდუქტების ყიდვაზე პასუხისმგებელი პირი. ჩვენ გვაქვს არჩევანი რა მეთოდით ჩავატაროთ ინტერვიუები:

  • პირველი – ჩვენ უბრალოდ ვპოულობთ ადამიანს ქუჩაში, მაგალითად მაღაზიის სიახლოვეს. ერთი საათის მუშაობის შედეგად ინტერვიუერს აქვს საშუალება გამოიკითხოს რამოდენიმე რესპონდენტი (რამდენადაც ქუჩაში ინტერვიუების ჩატარების სპეციფიკიდან გამომდინარე ინტერვიუს მაქსიმალური ხანგრძლივობა არ აღემატება 10 წუთს) შესაბამისად ერთი ინტერვიუს ჩატარების ღირებულების დათვლა ხდება 1 საათში ინტერვიუერის მიერ ჩასატარებელი ინტერვიუების რაოდენობის შესაბამისად.
  • მეორე – შესაძლებელია ინტერვიუ ჩატარდეს რესპონდენტთან ბინაზე, სადაც რესპონდენტისათვის უფრო კომპორტული გარემოა და შესაბამისად ინტერვიუს ხანგრძლივობა შეიძლება იყოს უფრო დიდი ვიდრე ქუჩაში ჩატარებული კვლევისათვის. ამ შემთხვევაშიც გვაქვს ორი არჩევანი – დავურეკოთ სახლის ტელეფონზე ან მივაკითხოთ. ტელეფონით ინტერვიუს ჩატრებისას ინტერვიუერი არის თვისთვის კომფორტულ გარემოში და არ ხარჯავს დროს და ენერგიას გადაადგილებაზე. ამიტომ მისი სამუშაოს 1 საათის ღირებულება უფრო დაბალია ვიდრე როდესაც მას უწევს მგზავრობა.
  • მესამე – შესაძლებლობაა მივაკითხოთ რესპონდენტს ბინაზე. იმისათვის რომ ინტერვიუერმა მიაღწიოს რესპონდენტამდე ის ფიზიკურად უნდა მივიდეს კონკრეტულ შერჩევის წერტილში და შეასრულოს შერჩევით გათვალისწინებული პროცედურები. გადაითვალოს გარკვეული რაოდენობით ბინები, შემდგომ შეეცადოს მისთვის სასურველი რესპონდენტი დაითანხმოს კარის გაღებაზე და შემდგომ ინტერვიუზე, თუ სასურველი რესპონდენტი სახლში არ დახვდება კიდევ 2–ჯერ მივიდეს ამ კონკრეტულ მისამართზე და ჩაატაროს ინტერვიუ. რა თქმა უნდა, ბინაში ინტერვიუს ჩატარების ღირებულება უფრო მაღალია ვიდრე ქუჩაში და ტელეფონით.

რა თქმა უნდა, ყველა ამ მეთოდს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ქუჩაში ჩასატარებელი ინტერვიუები ძალიან შეზღუდულია დროის თვალსაზრისით. სატელეფონო კვლევას აქვს უფრო მაღალი ცდომილების ხარისხი ვიდრე კვლევას პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, რამდენადაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილთან კონტაქტი შეუძლებელია ტელეფონის საშუალებით (მაგალითად არიან უფრო დაკავებული, თავისი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე ნაკლებად მოდიან სატელეფონო კონტაქტზე, უბრალოდ სახლში იშვიათად იმყოფებიან დღის საათებში და ა.შ.), გარდა ამისა არის სოციალური ფენა, რომელსაც უბრალოდ არ აქვს ტელეფონი.

ბინაზე პირისპირ ინტერვიუს მეთოდი იძლევა ბევრი მხრივ უფრო სანდო ინფორმაციას. ერთის მხრივ შერჩევის დიზაინის და კრიტერიუმების დაცვა უფრო ადვილია შესაბამისად კვლევა უფრო ხარისიანია სანდოობის თვალსაზრისით. მეორეს მხრივ, პირისპირ ინტერვიუს დროს კომუნიკაცია ინტერვიუერსა და რესპონდენტს შორის უფრო სრულფასოვანია. ინტერვიუს ხანგრძლივობაც მრავალჯერ აღემატება სატელეფონო და ქუჩაში გამოკითხვის მეთოდებს.

კლიენტისათვის რომელიმე კონკრეტული მეთოდის შეთავაზება უნდა მოხდეს ამ თავისებურებების გათვალისწინებით და იმის დადასტურებით რატომ ვიყენებთ ამ მეთოდს  და არა სხვას.

შევადარე რამდენიმე კომპანიის ფასები და ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. რატომ ხდება ასე და რომელს მივანიჭო უპირატესობა?

პროფესიული კვლევითი ორგანიზაციის მიერ კვლევაზე მუშაობა არის რთული ტექნოლოგიური პროცესი. რომელიმე კონკრეტული ერთი გამოკითხვის ორგანიზება/ჩატარებაში მონაწილეობს ბევრი სხვადასხვა პროფილის პროფესიონალი. მათი ერთობლივი ძალისხმევის და ორგანიზებული მუშაობის შედეგად მიიღწევა ხარისხიანი კვლევის პროდუქტის შექმნა.

 

ანალიტიკოსი არის სპეციალისტი, რომელსაც აქვს სოციოლოგიური, სტატისტიკური და ფსიქოლოგიური განათლება. მისი ამოცანაა კვლევის სტრატეგიის შემუშავება, ყველა პროცედურის რეალიზება, რაც ხარისხიანი პროდუქტისთვისაა საჭირო. მისი მთავარი მოვალეობაა ადეკვატურად დაამუშავოს მონაცემები და საკვლევ საკითხებში  „დასვას დიაგნოზი“. ხშირ შემთხვევაში სწორედ ანალიტიკოსს აქვს კონტაქტი კლიენტთან და ის აგროვებს ინფორმაციას კლიეტის სურვილების, პრობლემების და შესასრულებელი ამოცანების შესახებ.

 

პროექტის მენეჯერი გეგმავს  და ანაწილებს სამუშაოს პროექტის შემსრულებლებს შორის. მისი ფუნქციაა განსაზღვროს რამდენი ადამიანის და კონკრეტულად რომელი პროფესიონალების მუშაობა არის საჭირო პროექტის გარკვეულ ვადებში შესასრულებლად. ასევე მისი მოვალეობაა პროექტის შემსრულებლებისათვის მიზნების დასახვა, მასალების გადაცემა, შესასრულებელი პროექტის ფარგლებში ახსნა განმარტება და სწავლება/ინსტრუქტირება. საველე სამუშაოების ყველა ეტაპზე დაკვირვება და მისი დასრულების შემდგომ გადაცემა  ხარისხის კონტროლის განყოფილებისათვის, სადაც ხდება ხარისხის დიაგნოსტირება.

 

რეკრუტირების სპეციალისტის ფუნქციაა კველვის მონაწილეების პროფესიონალური შერჩევა, რაც გულისხმობს საჭირო კონტაქტების მოძიების შესაძლებლობას, ასევე, კომუნიკაციის ისეთ უნარს, რომელიც საშუალებას აძლევს დაითანხმოს სხვადასხვა ტიპის, პროფესიის, შემოსავლის, სოციალური პოზიციის ადამიანები პროექტში მონაწილეობაზე. ასევე განსაზღვრავს რესპონდენტისათვის გადასაცემი თანხის ოდენობას.

 

ინტერვიუერი უნდა ფლობდეს ინტერვიუს ჩატარების ტექნიკას. შეეძლოს რესპონდენტთან კონტაქტის ეფექტური დამყარება და დათანხმება ინტერვიუზე, ასევე ინფორმაციის სწორად გადაცემა და ასახვა კითხვარში. უნდა მკაცრად იცავდეს პროექტში გათვალისწინებულ ყველა პროცედურას, სკურპულოზურად მისდევდეს ინსტრუქციებს. ორგანიზაციაში არიან სხვადასხვა ტიპის კვლევებზე დახელოვნებული ინტერვიუერები, მაგალითად მათი ერთი ნაწილი მუშაობს მოსახლეობასთან, მეორე ნაწილი ორგანიზაციების და პროფესიული ჯგუფების წარმომადგენლებთან, ხოლო მისტიური მყიდველის კვლევებისათვის ინტერვიუერის შერჩევის სცენარების შესასრულებლად ხდება ისეთი კრიტერიუმებით შერჩევა როგორიცაა – გარეგნობა, აგრესიის ხარისხი, ინტერესიანობა, შესყიდვისას აქტიურობის ხარისხი, ენების ფლობა, ა.შ.

 

მონაცემთა შემყვანის ფუნქციაა მონაცემების სწრაფი და უშეცდომო ასახვა მონაცემთა ბაზაში. თვისებრივ კვლევებში მონაცემთა ასახვა მონაცემთა გარკვეულ ანალიტიკურ სორტირებასაც ითვალისწინებს.

 

სტატისტიკოსი არის პროფესიონალი, რომელსაც განათლება აქვს მოღებული მათემატიკასა და სტატისტიკაში, სწორედ მის სტატისტიკურ გათვლებზე და შერჩევის დიზაინზე არის დამოკიდებული პროექტის საიმედოობა. ის მონაწილეობას იღებს, როგორც პროექტის დიზაინის შემუშავებაში, ასევე, მის საბოლოო დამუშავებასა და ანალიზში.

ზემოთ აღწერილი ყველა პროფესია არის აუცილებელი რგოლი პროექტის შესასრულებლად. ამგვარად ყველა პროექტი არის პროფესიონალთა დიდი ჯგუფის შრომის შედეგი. შედეგად სოციოლოგიური ან მარკეტინგული კვლევის ჩატარება არის საკმაოდ ძვირი გამომდინარე იმ მაღალი დანახარჯებიდან, რომელიც აუცილებელია პროექტის ხარისხიანი, სწორი ჩატარებისათვის. არიან პატარა კომპანიები რომლებიც 2–3 კაცის მეშვეობით ატარებენ კვლევებს. ყველა სამუშაო, როგორც ტექნიკური ასევე ინტელექტუალური ნაწილდება 2–3 ადამიანს შორის, რომლებიც ყველაფერს თვითონ აკეთებენ ადგენენ ანკეტას, ატარებენ ინტერვიუებს, ამუშავებენ მონაცემებს. . . ასეთი ადამიანების ჯგუფების შედარება კომპანიებთან არაადეკვატურია და იგივეა შეადარო სოფლად სამედიცინო ოპერაციის ჩატარება თანამედროვე კლინიკას, სადაც ერთ პროცედურას ემსახურება ათობით ვიწრო პროფესიის პროფესიონალი.

 

შეგვეკითხეთ

სახელი, გვარი :

ელექტრონული ფოსტა :

შეტყობინება :