მისტიური მყიდველი ან იგივე მისტიური მომხმარებელი არის კვლევის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება კვლევითი კომპანიის მიერ, იმისათვის რომ გაზომოს მომსახურების ხარისხი სხვადასხვა სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტებში ან მოაგროვოს ინფორმაცია პროდუქტისა თუ მომსახურების შესახებ.
მისტიურ მყიდველს წარმოადგენს კვლევითი კომპანიის მიერ დაქირავებულ ადამიანს, რომელიც გაივლის შესაბამის მომზადებას, იმისათვის რომ შეძლოს საქონლისა თუ მომსახურების შეფასება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით.
მისტიური მომხმარებლები ასრულებენ ჩვეულებრივი მყიდველების როლს, მათ წინასწარ აქვთ განსაზღვრული მოქმედების სცენარი, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს ისეთ დეტალებს, როგორიცაა პროდუქტის შეძენა, კითხვების დასმა, უკმაყოფილების დაფიქსირება, კონფლიქტური სიტუაციის შექმნა და ა.შ. სცენარის დასრულებისა და დაკვირვების ობიექტის დატოვების შემდეგ მისტიური მომხმარებელი ავსებს კითხვარს, რომელშიც დეტალურად აფიქსირებს და აფასებს კვლევისათვის მნიშვნელოვან ყველა დეტალს.
რაშია ამ მეთოდოლოგიის გამოყენების აუცილებლობა?
- თუკი თქვენი პროდუქტი არ არის რაიმე თვალსაზრისით უნიკალური, სერვისი ხშირად ხდება თქვენი წარმატების ან წარუმატებლობის მთავარი მიზეზი.
- შეფასებულია რომ ახალი კლიენტის მიზიდვა 10–ჯერ ძვირი ჯდება ძველის შენარჩუნებასთან შედარებით
- ასევე შეფასებულია რომ ერთი უკმაყოფილო მომხმარებელი დაახლოებით 5 თავის ახლობელს უყვება თავისი უკმაყოფილების შესახებ
რაშია მეთოდის ღირსება და უნიკალურობა?
- მისტიური მყიდველი აფასებს და აკონტროლებს გაწეული მომსახურების ხარისხს
- მისტიური მყიდველი სტიმულირებას უკეთებს თანამშრომლების „სწორ“ ქცევას
- მისტიური მყიდველი უზრუნველყოფს ინფორმაციულ უკუკავშირს
- მისტიური მყიდველი საკუთარი ორგანიზაციის და კონკურენტების შეფასების საშუალებას იძლევა
- მისტიური მყიდველი კლიენტის კმაყოფილებაზე დაფუძნებული, წარმატებული თანამშრომლების დაწინაურების საშუალებას იძლევა
- მისტიური მყიდველი უფრო კონკრეტულს და მიზნობრივს ხდის თანამშრომლების დამატებით სწავლებას
- მისტიური მყიდველი ხელს უწყობს მომხმარებელთან პოზიტიური თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბებას
- მისტიური მყიდველი სტიმულირებას უკეთებს თანამშრომლების წესიერებას.