ახალი პროდუქტის განვითარება
10–დან 9 ახლად შექმნილი პროდუქტი წარუმატებელია, მიუხედავად მასზე დახარჯული ენერგიისა. როგორც წესი წარუმატებლობას აქვს ერთი მიზეზი - ინფორმაციის ნაკლებობა მომხმარებლის ქცევის შესახებ. შეგიძლია შესთავაზო მომხმარებელს ინოვაცია, მაგრამ არ მოერგოს მომხმარებლის გამოცდილებას და წარმოდგენებს არსებული პროდუქტების შესახებ. ამ შემთხვევაში პროექტის წარუმატებლობა გარდაუვალია. მარკეტინგული კვლევა მინიმალურს ხდის ამ რისკს და საშუალებას აძლევს ბიზნესს მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები.
ახალი პროდუქტის განვითარების ყველა ეტაპს დაწყებული იდეების გენერირებიდან საბოლოო პროდუქტის ტესტირებამდე შეესაბამება კონკრეტული მეთოდოლოგია.
იდეების გენერირება
იდეების გენერირების ეტაპზე სხვადასხვა მეთოდოლოგიის გამოყენება არის შესაძლებელი, ყველა ეს მეთოდი თვისობრივი ტიპისაა და ხელს უწყობს კრეატიულობას. იდეების შექმნა გულისხმობს კრეატივს და არა იდეის ვალიდურობას. ვალიდურობის გაზომვა უფრო რაოდენობრივი მიდგომით არის შესაძლებელი. ძირითადად იდეების გენერირებისათვის ვიყენებთ ფოკუს ჯგუფის მეთოდს.
პროდუქტის თვისებების განსაზღვრა
შესაძლებელია თვისებების დადგენისათვის გამოყენებულ იქნას მნიშვნელოვნების შკალა, სადაც თვისების შეფასება ხდება 10 ბალიან შკალაზე, მაგრამ უფრო ეფექტურია წყვილების მეთოდის გამოყენება. მიზანი მარტივია - რესპონდენტს ეძლევა პროდუქტის 2–2 თვისება და უნდა აირჩიოს უფრო სასურველი კრიტერიუმით „უნდა ჰქონეს“ და შემდგომ „კარგი იქნება თუ ექნება“. მიღებული მონაცემების დამუშავება ხდება რთული სტატისტიკური ფუნქციების საშუალებით საბოლოოდ ჩამონათვალის მიღებამდე.
პროდუქტის ჩამოყალიბება
ამ ეტაპზე რესპონდენტებს ვთავაზობთ პროდუქტის რამოდენიმე ვარიანტს და რესპონდენტები ცდილობენ გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულებები. ამ ეტაპზე ხდება პროდუქტის საბოლოო თვისებების დამტკიცება. დგინდება ყველაზე პოპულარული თვისებების კომბინაცია.
პროდუქტის ტესტირება
ეს პროდუქტზე მუშაობის ბოლო ეტაპია, როდესაც ხდება მზა პროდუქტის ტესტირება. ასევე ტესტირდება შეფუთვა. ამ ეტაპისთვის ყველაზე მისაღები მეთოდოლოგიაა ფოკუსური ჯგუფების მეთოდის გამოყენება.