საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაკვეთით, საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის არსებული და მოსალოდნელი ტენდენციების გამოვლენის მიზნით, ორგანიზაცია „ბი–სი–ჯი კვლევამ“ განახორციელა სოციოლოგიური კვლევა.
შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის არსებული და მოსალოდნელი ტენდენციების გამოვლენის მიზნით ორგანიზაციამ უზრუნველყო:
1. შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის რაოდენობრივი კვლევა საქართველოს მასშტაბით, სულ 6000 დასრულებული ინტერვიუ, შერჩევისას საკუთრების ფორმისა (კერძო, საჯარო), და ორგანიზაციების სიდიდის (მსხვილი, საშუალო და მცირე) გათვალისწინებით. (იანვარი-ივლისი 2015წ.)
2. დამსაქმებელთა ადგილობრივი (რეგიონი, მუნიციპალიტეტი, თვითმმართველი ქალაქი) მოთხოვნებისა და უნარების საჭიროებების თვისებრივი კვლევა. სულ 240 სიღრმისეული ინტერვიუ, შერჩევისას თითოეულ რეგიონში მსხვილი და საშუალო საწარმოთა რაოდენობის სიმრავლისა და რეგიონისათვის დამახასიათებელი წამყვანი ეკონომიკური დარგების გათვალისწინებით. (იანვარი-მარტი 2015წ.)
კვლევის მიზანი:
შრომის ბაზარზე დამსაქმებელთა განწყობების/მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაციის მომზადება, დაინტერესებული მხარეებისათვის: სახელმწიფო უწყებები (შრომის, განათლების, ეკონომიკის, სოფლის, ახალგაზრდობის და სხვ. სამინისტროები), დამსაქმებლები, სამუშაოს მაძიებლები, სოციალური პარტნიორები, განათლების მიმწოდებლები, დასაქმების კერძო სააგენტოები, სხვადასხვა კვლევითი, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციები.
კვლევისას შესწავლილ იქნა დამსაქმებელთა მოთხოვნა და ქცევა სამუშაოს მაძიებლების მიმართ წარსულ, აწმყო და მომავალი 6 თვის პერიოდში. კვლევის ფარგლებში განხორციელდა საქართველოს შრომის ბაზარზე ეროვნული ეკონომიკის ძირითად დარგებში მოთხოვნადი პროფესიებისა და პროფესიული კომპეტენციების (საჭირო უნარ-ჩვევების) განსაზღვრა და დაზუსტება.
კვლევის რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდოლოგიის გამოყენებით, შეგროვდა ინფორმაცია:
- არსებულ გეოგრაფიულ არეალში დასაქმების შესაძლებლობები - დეფიციტური და მოთხოვნადი, ასევე პერსპექტიული პროფესიები; საწარმოთა საქმიანობა და მათი როლი დასაქმების სფეროში; საქმიანობის გაფართოებისა და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის ხელშემშლელი ფაქტორები.
- სამუშაო ადგილების შექმნაზე გავლენის მქონე ფაქტორები - ადგილობრივი დამსაქმებლების შეხედულებების გამოვლენა იმ პროფესიული უნარების საჭიროებებზე, რომელთა მოპოვებაც არ/ვერ ხერხდება. საქართველოში პროფესიებისა და მათთან დაკავშირებული უნარების დეფინიციები.
- კვალიფიკაციის საკითხები - ორგანიზაციების თანამშრომელთა კვალიფიკაცია და მათი გადამზადებისპრაქტიკა; კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებები; მიმართულებები, სადაც დეფიციტური სპეციალობები იკვეთება, ორგანიზაციების მიერ გატარებული ღონისძიებები თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, და ა.შ.
- დამსაქმებელთა მიერ ეკონომიკური გარემოსა და საკუთარი ბიზნესის მდგომარეობის შეფასებისა და მათი მოლოდინების (პროგნოზები) შესახებ;
- დამსაქმებელთა განწყობა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის, მისი პერსპექტივების მიმართ.
- ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი სახეების (NACE) მიხედვით, რა პროფესიები (ISCO) და რა კონკრეტული მოთხოვნები აქვთ დამსაქმებლებს პროფესიების მიმართ.
- ძირითადი პროფესიები (ISCO), რომლებიც დეფიციტურია ან ხასიათდება მოთხოვნის ზრდადი ტენდენციით ადგილობრივ შრომის ბაზრებზე;
- დამსაქმებელთა კმაყოფილების შესახებ, მათ მიერ დაქირავებით დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციითა და პროფესიული ცოდნის შესაბამისობით;
- დამსაქმებლის ქცევის შესახებ თანამშრომლების შერჩევის პროცესში განვლილი პერიოდის განმავლობაში და ამ მიმართულებით ცვლილებების განხორციელების გეგმა;
- იმ პოზიციების/პროფესიების ჩამონათვალი, რომლებზეც სამუშაო ძალის მობილურობის მაჩვენებელი მაქსიმალურია.